საქართველოში, შესაძლოა, სომხური გვარდია შეიქმნას

საქართველოში შესაძლოა, სომხური გვარდია შეიქმნას. პირველის ინფორმაციით, სომხური გვარდიის შექმნის იდეა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ რამდენიმე ეთნიკურ სომეხს ეკუთვნის, რომლებიც მზად არიან, გვარდიის შესაქმნელად გარკვეული ფინანსებიც კი გაიღონ. როგორც ინფორმირებული წყარო იუწყება, გვარდიის შექმნის ინიციატორები ცოტა ხნის წინ თბილისში იმყოფებოდნენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დედაქალაქში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებთან მართავდნენ.

უფრო მეტიც, როგორც თავად სომხური გვარდიის შექმნის ინიციატორები აცხადებენ, გვარდიის შექმნაზე მათ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან თანხმობაც კი აქვთ მიღებული. საინტერესოა, თავად გვარდიის შექმნის მიზანი და მიზეზი, როგორც იდეის ინიციატორები აცხადებენ, გვარდია შეიქმნება სწორედ იმისთვის, რომ ამ გვარდიის ფორმატში ქართულ ჯარში რაც შეიძლება მეტმა ეთნიკურმა სომეხმა იმსახუროს, – აცხადებს ინფორმირებული წყარო.

მისივე ცნობით, ეს იდეა თავდაპირველად რამდენიმე წლის წინ დაიბადა, თუმცა ამ ინიციატივის ირგვლივ საუბარი ბოლო დროს სულ უფრო გააქტიურდა.

- ამავდროულად, აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ ვეტერანთა დეპარტამენტს კატეგორიულად აკრძალული აქვს ვეტერანი სომეხი მეომრების სიების გაცემა, – აღნიშნავს წყარო.

აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისთვის პირWელი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალენოვანი საქართველოს თავმჯდომარეს არნოლდ სტეფანიანს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოში სომხური გვარდიის შექმნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქართველი მაღალჩინოსნების ნაწილისთვის ქვეყანაში ეთნიკური ნიშნით რაიმე სახით სამხედრო დანაყოფის შექმნა მიუღებელია. ისინი ფიქრობენ, რომ ვისაც ჯარში მსახურობის სურვილი აქვს, შეუძლია ქართულ ჯარში იმსახუროს. რაც შეეხება უშუალოდ ამ იდეას, აქ შესაძლოა, რამდენიმე ვერსია არსებობდეს: ერთის მხრივ, ეს შესაძლოა, წარმოადგენდეს ცალკეული ადგილობრივი მკვიდრის გაუცნობიერებელ კერძო ინიციატივას გარკვეული კეთილგანზრახვით, ან მეორეს მხრივ, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას.

თუმცა არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების წინა პერიოდში ეს პროცესი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ იყოს ინსპირირებული, რათა ეთნიკურად სომეხი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია მოახდინონ, – აცხადებს სტეფანიანი, რომელიც აქტიურად მხარს მხოლოდ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოს სომეხ ვეტერანთა კავშირს უჭერს, რომელიც წმინდა ჰუმანიტარული ხასიათის საქმიანობას ეწევა.

- კიდევ ერთხელ ვაცხადებ, პირადად ჩემთვის ეთნიკური ნიშნით შეიარაღებული ფორმირებების შექმნა კატეგორიულად მიუღებელია და სახელმწიფოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ მოდის, – მიაჩნია სტეფანიანს.