ქართულ–რუსული ომი ბერეზოვსკის მონაწილეობით

PRESA.GE - იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე რუსულენოვანი არხი - სახელწოდებით ”პირველი კავკასიური არხი” - იწყებს მაუწყებლობას. მთლი ამ ხნის განმავლობაში, ამ არხის შექმნამ იმდენი მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რომ 22 დეკემბერს საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები ერთად დასხა მოგვიანებით, საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზის თანათავმჯდომარემ ქეთი ბოხუამ განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ არხის გარშემო კიდევ უფრო მეტი კითხვა და ბუნდოვანება შეიქმნა.

ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ახალი არხი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. გახელაძე ამბობს, რომ ეს არ არის ძვირად ღირებული პროდუქტი და მისი სავარაუდო ბიუჯეტი, ყოველწლიურად, 3 მილიონ ლარით განისაზღვრება. საეთერო მაუწყებლობა სატელიტის საშუალებით განხორციელდება და მისი ნახვა სატელიტური ანტენების და საკაბელო არხების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

ახალი ტელე-მაუწყებლობის აუდიტორია კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი, ჩრდილოკავკასიელი კორესპონდენტების და რუსული ჟურნალისტიკის რამდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენლის მეშვეობით მიიღებს. რუსული ჟურნალისტიკის თვალსაჩინო წარმომადგენლებში ალბათ, ოლეგ პანფილოვი და ალა დუდაევა იგულისხმებიან, მაგრამ გახელაძე, რატომღაც შეხვედრაზე დაკონკრეტებას მოერიდა. მისივე თქმით, ჩრდილოკავკასიელი კორესპონდენტები ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ, რაც ცოტა საეჭვოდ მოეჩვენათ შეხვედრის მონაწილეებს, მაგრამ დაფინანსების საკითხს ქვევით შევეხებით. ცნობილია ისიც, რომ არხი ძირითადად, რუსულენოვანი იქნება, თუმცა მაუწყებლობის განხორციელება კავკასიურ ენებზეც იგეგმება.

ეს არის ის, რაც ჯერჯერობით, ოფიციალურად გაცხადდა, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ საბოლოოდ, არხის შექმნის მიზანი გავიგოთ. სხვათა შორის, იგივე პროექტზე, რამდენიმე წლის წინ, „თავისუფალი აზრის სახლის“ ხელმძღვანელი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, ასეთი არხის შექმნა მისი დიდი ხნის ოცნება იყო და პროექტიც გაკეთებული ჰქონდა, მაგრამ თვლიდა, რომ არხი მხოლოდ, კულტურულ–საგანმანათლებლო უნდა ყოფილიყო და არა პოლიტიკური:

–„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩრდილოეთ კავკასიური საზოგადოება ელოდება ასეთ არხს. ჯერ ერთი, აფხაზური და ოსური არქივი მხოლოდ საქართველოშია და თავად არ აქვთ. საერთოდ, კავკასიის შესახებ უამრავი ინფორმაციაა დაგროვილი საქართველოში, რადგან საქართველოში იყო ამის სათაო ინსტიტუტები განთავსებული. მაგრამ, თუ ეს არხი იქნება პოლიტიზირებული და ვიღაცის გაუთავებელი გინება და ვიღაცის ქება დაიწყება, ეს საქმეს არ გამოდგება. ამ არხს უნდა ჰქონდეს კავკასიის სულიერი გამაერთიანებლის მისია, რაც რუსეთში არ მოეწონებათ, მაგრამ ეს გასაკეთებელია“.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ არხზე რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა კეთდება. ისიც ცნობილია, რომ ერთ–ერთ გადაცემას „ისტორია სახეებზე“ ზურაბ ყიფშიძე წაიყვანს, მაგრამ პარალელურად, საინფორმაციო გადაცემაზეც მიდის მუშაობა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ პოლიტიკას ვერ ავცდებით და თანაც ისეთს, რომელიც რუსეთს არ მოეწონება. ამიტომ, მამუკა არეშიძე ფქირობს, რომ ქართული მხარის მცდელობას აუცილებლად მოყვება რუსეთის გაღიზიანება და სიგნალისთვის ხელისშეშლა.

– „წარმოიდგინეთ, ჩვენ გვინდა, რომ ჩეჩნეთის აუდიტორია იყოს ჩვენი მაყურებელი და ამ არხიდან დღედაღამ, კადიროვის გინება, რისი საფუძველიც საქართველოს აქვს, ჩეჩნეთში სერიოზულ წინააღმდეგობას გამოიწვევს. ამიტომ, სჯობს, მათ საკუთარი ისტორიის თეთრი ლაქები ვაჩვენოთ, ავუხსნათ, რას მალავს რუსული მედია, ავუხსნათ, როგორ იქცეოდა კავკასიის ერთიანობის მოწინააღმდეგე (არა მხოლოდ რუსეთი), საუკუნეების განმავლობაში და არ დავიწყოთ მათი ხელისუფლების მეთაურის გინება“.

რა და როგორ გაკეთდება ამას ვნახავთ, მაგრამ როგორც ჩანს, არხის მიმართ მოლოდინი და ინტერესი კავკასიაში მართლაც არსებობს: –„დროა, კავკასიელი ხალხების გაერთიანებისათვის დაიწყოს მუშაობა. ეს ძვრა აუცილებელია. იმის მიუხედავად, რომ დიდი წინააღმდეგობები იქნება, თუ ეს არხი ძალიან დიპლომატიურად იმოქმედებს რუსეთის მიმართ, ის თუ მოემსახურება კავკასიელი ხალხების გაერთიანებას, ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს კავკასიელი ხალხი საქართველოს იმედის თვალით უყურებს და, უნდა თუ არა, ეს მისია საქართველომ უნდა იკისროს“, – ამბობს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი.

მისია და პოლიტიკური რეალობა

ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი არხის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა ერთმა მნიშვნელოვანმა დეტალმა განაპირობა – „კავკასიური არხის“ შექმნის იდეას წინ უსწრებდა, რუსი ოლიგარქის ბორის ბერეზოვსკის თბილისში გასაიდუმლოებული, ერთდღიანი ვიზიტი. პოლიტიკური სპექტრი დარწმუნებულია, რომ ბერეზოვსკი თბილისში მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე ვერ ჩამოვიდოდა.ყოველ შემთხვევავში, ისიც საეჭვოა, რომ ბერეზოვსკი პატარკაციშვილის ოჯახის მოსანახულებლად ყოფილიყო ჩამოსული. თავად ოჯახის განმარტებით, ისინი ბერეზოვსკის არ შეხვედრიან, მაგრამ ბერეზოვსკის ჩამოსვლის ვიდეოჩანაწერი მოიპოვეს.

ჟურნალისტებმა ცდა არ დავაკელით ბერეზოვსკის ჩამოსვლის მიზეზები შეგვეტყო, მაგრამ ხელისუფლებამ პირში წყალი ჩაიგუბა. მას შემდეგ, რაც „კავკასიური არხის“ შექმნის იდეა გახმაურდა, რომელიც, სხვათა შორის, ბერეზოვსკის ინტერესის სფეროში ყოველთვის შედიოდა, მისი დაკავშირება ამ პროექტთან უმალ მოხდა და ითქვა, რომ არხის მთავარი დამფინანსებელი ბერეზოვსკი იქნება.

იმავდროულად, უცხოურ პრესაშიც გაჩნდა სტატია.Der Tagesspiegel წერდა: –„განსაკუთრებით საინტერესოა პასუხი კითხვაზე, თუ ვინ აფინანსებს ახალ არხს. ტელევიზიის დირექტორი ამტკიცებს, რომ ის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. მაგრამ საქართველოს ბიუჯეტში 2010 წელს მედიის მხარდაჭერისთვის იგივე თანხაა გათვალისწინებული, რაც 2009 წელს, და ის განკუთვნილია ოპოზიციური ინტერნეტ-რესურსის civil.ge -ს დაფინანსებისთვის. ამის ნაცვლად, ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ტელევიზიისთვის საჭირო თანხას რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი გაიღებს, ის რუხი კარდინალი, რომელსაც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუხდა და მას შემდეგ, კრემლის წინააღმდეგ ლონდონური ემიგრაციიდან იბრძვის“.

ბერეზოვსკის „კავკასიურ არხთან“ დაკავშირებაში, შესაძლოა, ალოგიკური მართლაც არაფერი იყოს, მითუმეტეს, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების და ბერეზოვსკის ინტერესები – რუსეთთან დაპირისპირება – ერთმანეთს ემთხვევა.

Der Tagesspiegel „კავკასიური არხის“ შექმნასთა დაკავშირებით პოლიტოლოგ სერგეი მაკედონოვის კომენტარს იშველიებდა: –„თბილისს იმის დემონსტრირება სურს, რომ მას მოსკოვთან ბრძოლა არ შეუწყვეტია და საინფორმაციო ომს განაგრძობს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, გია ჭანტურია კი არ მალავს, რომ რუსეთის ტელევიზიების საპირწონე არხის შექმნის იდეა აჯანყებული სამხრეთ ოსეთის გამო, წაგებული ომის შემდეგ წარმოიქმნა“.

თავად ბერეზოვსკი ამ არხთან ყველანაირ კავშირს უარყოფს, მაგრამ მის მიმართ ეჭვები მაინც არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ საფუძვლიანიც. შესაძლოა, არხის დაფინანსება ბერეზოვსკის ინტერესებში მართლაც არ შედის, მაგრამ კავკასიურ საკითხებში მისი ჩარევა, ალბათ, უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.

„მემარჯვენეების“ წევრი, ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე ბერეზოვსკის საქართველოს რეალობაში გამოჩენას, თავისი შუქ–ჩრდილებით, პრაგმატულად უყურებს.

– „დღეს რუსეთის წინააღმდეგ ომი გრძელდება და ამ კონფლიქტის არც დასასრული ჩანს. ნებისმიერი რესურსი, რომელიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება მისასალმებელია, მაგრამ მეორეა რა სურს თავად საქართველოს ხელისუფლებას“, – ეს კითხვა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია თავდგირიძეს.

ბერეზოვსკის ვნებები

სანამ საქართველოს სურვილებზე ვისაუბრებთ ბერეზოვსკის ინტერესების სფეროს შევეხებით. თავის დროზე, პუტინს ხელისუფლებაში მოსასვლელად ბერეზოვსკიმ და პატარკაციშვილმა გაუწიეს გარკვეული დახმარება. თუმცა, ძალაუფლების მოყვარულმა კგბ–ს გენერალმა ბერეზოვსკის პოლიტიკაზე გავლენა ვერ აიტანა და მათი გზებიც გაიყო. მაშინ, პატარკაციშვილმა თქვა: „მე მეგობრებს არ ვღალატობ“ და არჩევანი ბერეზოვსკის სასარგებლოდ გააკეთა – დაუფასდა.

მოკლედ, ბერეზოვსკის უმნიშვნელო როლი არ შეუსრულებია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებები, რამაც უდიდესი როლი ითამაშა პუტინის გაპრეზიდენტებაში. საუბარია, ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე – რომ არა ის ქაოსი და უბედურება, რაც იქ ხდებოდა, პუტინს მხოლოდ პიარი და ფული ვერ უშველიდა. რუსეთის ხელისუფლებაში მოდის ის, ვისაც გავლენა აქვს ძალოვნებზე, თორემ, მარტო ფულმა ხადარკოვსკი ვერ გააპრეზიდენტა. ასე რომ, ჩრდილოეთ კავკასია შესანიშნავად იქნა გამოყენებული რუსეთში პუტინის გასაპიარებლად.

გიორგი თავდგირიძე: –„პუტინის ანგარიშზე ჩაიწერა, რომ მან მოიგო მეორე კავკასიური ომი, რამაც ძალოვნებში მისი გავლენის გაფართოებას შეუწყო ხელი და ამ ტრამპლინით აღმოჩნდა ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, ახლა იქნება მეორე სცენარი. პუტინს კვლავ სჭირდება პირველ პირად მოსვლა. რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ მედვედევი არის მეორე პირი, ის ქვეყნის პრეზიდენტია და პუტინის ძალაუფლება შეზღდულია. ამიტომ, ნებისმიერი ჯანყი პუტინისთვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს“.

ჯერჯერობით უცნობია ბერეზოვსკიმ გამონახა თუ არა მედვედევთან საერთო ენა, ყოველ შემთხვევაში ბერეზოვსკის და მედვედევის კავშირები ზეპირსიტყვიერებას არ გასცდენია. რაც შეეხება მედვედევის და პუტინის დაპირისპირებას, ამან გარკვეულ ფაზას უკვე მიაღწია და კულუარებიდანაც გამოვიდა. თუ დაპირისპირებამ სერიოზული სახე მიიღო მედვედევს აუცილებლად დასჭირდება მოკავშირეები და ეს შესაძლოა, ბერეზოვსკი იყოს – რატომაც არა? ეს არ არის გაჭრილი კარტი. სანამ არსებობს ფული, მანამდე არსებობს ხიბლი ბერეზოვსკისნაირი მეკავშირის ყოლისა.

თუმცა, პრობლემა ისაა, არ ვიცით რას მოითხოვს ბერეზოვსკი მედვედევისგან. ალბათ, მოიშოროს პუტინი და მის ადგილზე მეორე სულთამხუთავი მოიყვანოს, ეს მედვედევის გეგმებში არ უნდა შედიოდეს. თუ ბერეზოვსკის მიზანი რუსეთში დაბრუნება და ერთ–ერთი პოლიტიკურ ფიგურად გახდომა იქნება ეს კიდევ მისაღებია, მაგრამ თუ მას რუსეთის უგვირგვინო მეფობა მოუნდება, სავარაუდოდ, ამას არც მედვედევი დაუშვებს, მაგრამ დიდი ალბათობით ბერეზოვსკიც ამბიციები, ალბათ უმნიშვნელო პოლიტიკოსის როლით არ შემოიფარგლება.

– „ისიც გასათვალისწინებელია თავდაცვის სისტემის ლიდერები როგორ უყურებენ ბერეზოვსკის, მათი შეფასებები ჯერ არსად გაჟღერებულა. სამხედროები ნაწყენი უნდა იყვბნენ ბერეზოვსკიზე, რადგან პუტინის ხელისუფლებაში მოსვლით, მათ ყველა ფინანსური ბერკეტი გამოაცალეს და საერთოდ ჩამოაშორეს ხელისუფლების მმართველობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, როგორ დაალაგებს მედვედევი ბერეზოვსკისა და სამხედრო ელიტას შორის ურთიერთობას. მაგრამ, როცა პუტინის სახით ასეთი მოწინააღმდეგე ჰყავთ, შესაძლოა, ეს პრობლემაც მოგვარდეს“, – ამბობს გიორგი თავდგირიძე და თვლის, ერთადერთი ადგილი, სადაც ბერეზოვსკიმ შესაძლოა, დაცულად იგრძნოს თავი, საქართველოა.

– „საქართველოს ყოველთვის აქვს ბერკეტი, თუნდაც თანამედროვე მითებით, გავლენა მოახდინოს კავკასიაზე. როცა ჩრდილოეთ კავკასია შეიგრძნობს, რომ მათ ზურგსუკან არის საინფორმაციო მანქანა, ეს არც–თუ უბრალო რამაა. ომში ფინანსების და შეიარაღების გარდა, ერთ–ერთი მთავარი წარმმართველი არის საინფორმაციო ომი. ამიტომ, საქართველო მომგებიან მდგომარეობაშია. მოგვწონს თუ არა, გვინდა თუ არა, ჩრდილოეთ კავკასიაში იქნება სერიოზული ძვრები და ჩვენ მასზე ზემოქმედების რაიმე ბერკეტი უნდა გვქონდეს. აქ ტელევიზიის და ბერეზოვსკის არსებობა ერთის მხრივ ინტრიგაა, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ გვექნება საშუალება რუსეთს ველაპარაკოთ, არა მხოლოდ როგორც დაჩაგრულმა და წაგებულმა. მას შეგვიძლია ვუთხრათ – „ომს ვაგრძელებთ და თუ არ გინდა ჩემთან მშვიდობიანი თანაცხოვრება, მე ვარ შენი მტერი, როგორც შენ– ჩემი“.

ამ პრაგმატიზმის მიუხედავად, თავდგირიძე საფრთხეებსაც ხედავს, რადგან დარწმუნებული არა, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება სათანადოდ გამოიყენებს. –„მათი კომპატენციის არ მჯერა, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, სურვილი ჰქონდეთ. გინდა ბერეზოვსკი ყოფილა, გინდა ბუში და ნებისმიერი გვარი, ვინც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე რაიმეს გააკეთებს, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ“.

ბერეზოვსკი და საქართველო - კავკასიაში

რამდენად უკავშირდება ახალი არხის შექმნა ბერეზოვსკის სახელს ამაზე გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. მამუკა არეშიძე ამბობს, თუ ამ ტელევიზიის შექმნაში ბერეზოვსკი ჩაერთვება, ამას რუსეთის სპეცსამსახურები უფრო ადრე გაიგებენ, ვიდრე ჩვენ და ეს არხი ვერ იმუშავებს, დაიბლოკება.

ამაში ალოგიკური არაფერია, მაგრამ იმავე ლოგიკით, ჩვენ საქართველო–რუსეთის ომის შედეგებიც უნდა გაგვეთვალა. ასე რომ, არსებულ რეალობაში, როცა ლოგიკა მოქმედებებს შორდება, არ გამოგვადგება. ბოლო მოვლენები სულ უფრო გვარწმუნებს, რომ ხელისუფლებას ძალაუფლება არ ეთმობა. მორალი ასე იკითხება: „თუ მექნება ძალაუფლება, უკეთ შემიძლია საქართველოს ინტერესების დაცვა“. ძალაუფლება კი ძლიერი მოკავშირეების გარეშე არ მოდის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ბერეზოვსკის თბილისში ვიზიტი ხელისუფლების ძალაუფლების შენაჩუნების მცდელობას დაუკავშირდა.

იქნება თუ არა ეს მცდელობა მხოლოდ ბერეზოვსკის ფულზე მიბმული რთული სათქმელია. ეროსი კიწმარიშვილი დარწმუნებულია, რომ ბერეზოვსკი „კავკასიურ არხს“ ფულს არ დაახარჯავს.

– „ხელისუფლებას ამ არხის დასაფინანსებლად ფული აშკარად სჭირდება, მაგრამ რაც გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, ბერეზოვსკი ერთ ცენტს არ დაახარჯავს ამ არხს. ბერეზოვსკი ხელისუფლებას შესაძლოა, ინტელექტუალური და ჩეჩნური კავშირებით დაეხმაროს, თანაც იმის გამო, რომ შესაძლოა, პატარკაციშვილის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით საერთო ინტერესი ნახეს“.

–„რაც შეეხება ფულს, მას ხელისუფლება მარტივად მონახავს. „ალანიაზე“ ფული საიდან იხარჯებოდა? ჯერ ერთი, ეს იქნება საერთო პროდუქტი და თანაც ძალიან იაფი. ტელევიზიების მიერ მომზადებულ ყველა მასალას აკრიფავენ, თანამგზავრის ხარჯებს რომელიღაც უწყებას დაკიდებენ და ა.შ“.

კიწმარიშვილის თქმით, მთავარი ისაა, რომ პროექტი ცალსახად მიმართულია რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანებაზე და რუსულ–ქართული ურთიერთობების ნორმალიზებას არ უკავშირდება. ის ადამიანები კი, ვინც ამ პროექტში არიან ჩართულები (ოლეგ პანფილოვი და ალა დუდაევა), ვერანაირად ვერ ითამაშებენ პოზიტიურ როლს.

როგორც ვხედავთ, ეჭვები არსებობს, რომ ხელისუფლება ამჯერად, რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომისთვის ემზადება, მაგრამ რას მოგვიტანს იგი რთული სათქმელია. ის საომარი რიტორიკაც, რაც ბოლო დროს ქვეყანაში ისმის, სულ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ სახელისუფლებო კულუარებში რაღაც მზადდება, რაზეც საზოგადოებას წარმოდგენა არ აქვს.

მამუკა არეშიძე იმასაც არ გამორიცხავს თავად ბერეზოვსკისგან წამოსულიყო შემოთავაზება რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდული მანქანის ამუშავების შესახებ, მაგრამ იმასაც უშვებს, რომ –„ვიღაცამ თავის თავზე ზედმეტი ფუნქცია აიღო და მასთან მოლაპარაკება მოინდომა. თუმცა, ხელისუფლების მხრიდან, ამ წუთში, „კავკასიურ არხში“ ბერეზოვსკის ჩართვის სურვილი რომ არ არის, ეს შემიძლია დავადასტურო“.

ბერეზოვსკი დააფინანსებს თუ არა „კავკასიურ არხს“, ჩაერთვება თუ არა რაიმე ფორმით დიდ კავკასიურ ორომტრიალში და დაეხმარება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, ხელისუფლებაში „ცხელი თავები“ ჯერაც არ გაგრილებულა და სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი არავინ იცის.