პეტერსონ ბელქნაფის საცეცები საქართველოში

2001 წლის 20 სექტემბერს ჟურნალისტთა ანტიკორუფციული საგამოძიებო ორგანიზაციის ბიუროს დადგენილებისა და კავშირის თავმჯდომარის მითითებით, ჟვანია-სააკაშვილის ფინანსური ინტერესების შემსწავლელი ჯგუფი შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელობაც ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს, დიმიტრი ტიკარაძეს დაევალა.

ჯგუფმა გამოიკვლია ჟვანია-სააკაშვილის გუნდის ინტერესები სამ სტრატეგიულ ობიექტზე: "ჟინვალჰესში", "ჭიათურმანგანუმში", "ფეროშენადნობსა" და "კვარციტში", ასევე მათი კავშირი მსოფლიოში ცნობილ იურიდიულ კომპანია "პეტერსონ ბელქნაფთან". "დოსიე" შეეცადა მათ მიერ პრესაში გამოქვეყნებული მასალები შეეჯერებინა და სრული სურათი წარმოედგინა.

რა აკავშირებთ "ჯი-სი-ჯი"-ს, "პეტერსონ ბელქნაფს" და ჟვანია-სააკაშვილის გუნდს?

იურიდიული ფირმა "ჯი-სი-ჯი" საქართველოში 500-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენს. ის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კომპანიის "პეტერსონ ბელქნაფის" წარმომადგენელი და ინტერესების დამცველია საქართველოში. "პეტერსონ ბელქნაფის" ინტერესები და მოღვაწეობა მთელს მსოფლიოში საკმაოდ ფართოა, დაწყებული ნავთობისა და გაზის პროექტებიდან, დამთავრებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურებით, ელექტროენერგეტიკითა და ტელეკომუნიკაციებით. იგი ერთ-ერთი აქტიური ფირმაა საქართველოში და წარმოადგენს უდიდესი ინვესტორის ინტერესებს, რომელიც ფოთის პორტის რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებშია ჩართული, უდიდეს ნავთობკომპანიას, რომელიც ეწევა სამუშაოებს საზღვაო შელფის ასათვისებლად, ასევე ავსტრალიელ და ამერიკლ ინვესტორებს, რომლებიც აწარმოებენ ინვესტიციებს სამთო-საძიებო და ლითონის დამუშავების სფეროებში და ასევე მუშაობენ სხვა მრავალი ერთობლივი საწარმოს პროექტებზე საქართველოში.

1994 წლის მარტში "პეტერსონ ბელქნაფი" ნიუ-იორკში მასპინძლობდა საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც მადლიერება გამოთქვა იმ მტკიცე მხარდაჭერისათვის, რომელსაც ფირმა ეწეოდა საქართველოს ბიზნესის განვითარებისათვის. "პეტერსონ ბელქნაფსის" პროტეჟე და წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი დამფუძნებელია "ჯი-სი-ჯი"-ს იურიდიული ოფისისა კონსტანტინე რიჟინაშვილთან ერთად.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა წარმატებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობების უკრაინული ინსტიტუტი, ხოლო 1994 წელს წარმატებით დაასრულა კოლუმბიის უნივერსიტეტი და გახდა სამართლის მაგისტრი, ამერიკაში სწორედ "ბელქნაფსმა" დაასაქმა იურისტად. 1995 წელს სააკაშვილი პარლამენტარი ხდება და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ირჩევენ. კონსტანტინე რიჟინაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ამჟამად კი სტენფორდის იურიდიულ სკოლას ამთავრებს. "პეტერსონ ბელქნაფსის" იურისტები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ "ჯი-სი-ჯის"-ს იურიდილ ოფისთან სხვადასხვა პროექტებზე: რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, ოქროს საბადოების ექსკავაციის სამუშაოებზე, ნავთობისა და გაზის პროექტებზე და ასევე მრავალ სხვა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე.ეს დოკუმენტი 1997 წელს არის დაწერილი და იგი ფირმის ინტერნეტ გვერდშიც კი იყო 2000 წლის მეორე ნახევრამდე. საქართველოს ნაწილში ფირმის ინფორმაცია იგივეა, ამოღებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გვარი. აქედან გამომდინარე სააკაშვილის ინფორმაციიდან ამოღება ალბათ იმანაც გამოიწვია, რომ აშკარად გამოიკვეთა მისი და მისი ჯგუფის პირდაპირი კავშირი საქართველოს მსხვილ საწარმოებში ფინანსურ ინტერესებთან და გარკვეულ დაკარგულ თანხებთან...

"პეტერსონ ბელქნაფის" საინფორმაციო გვერდში აღარ არის სააკაშვილის გვარი. თუმცა იგი მაინც შემორჩენილია ერთ-ერთ გვერდზე, ფირმის დსთ-ს ქვეყნებსა და ფილიალებში საკონტაქტო პირების ჩამონათვალში. საკონტაქტო პირებად კი საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, კონსტანტინე რიჟინაშვილი და გიორგი ბაზღაძე წერია.საგამოძიებო ჯგუფი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის არც ერთ ოფიციალურ ბიოგრაფიაში ფირმა "ჯი-სი-ჯი"-ს დამფუძნებლობა არსად არ წერია და საერთოდაც ეს ფირმა სააკაშვილის "გამჭირვალე" ცხოვრებაში ნახსენებიც არ არის.