ინტერპრესნიუსი: ადგილობრივების თქმით, ჩინელები ახმეტის ტყეებს ანადგურებენ

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის რაიონის სოფელ ფშაველის მოსახლეობამ აცნობა, ჩინელები, რომლებიც ახმეტის და თელავის რაიონებში ტყის ფართობებს ფლობენ, ხე - ტყეს მასობრივად ანადგურებენ.


- ”ჩვენთვის უცნობია აქვთ თუ არა ამის უფლება, მაგრამ მრავალწლოვან ხეებს ჭრიან და მორები მანქანებით გააქვთ. ტყის დიდი ნაწილი ისედაც გაჩეხილია და ვშიშობთ, რომ დარჩენილის გაჩეხვაც სერიოზულად დაგვაზარალებს”, - აღნიშნეს ადგილობრივებმა.

მათივე თქმით, ჩინელები ხე - ტყის ნაწილს სოფელ ფშაველში მდებარე დამამუშავებელ კომბინატში ამუშავებენ, რომელიც კომპანია ”ყაზბეგის” გენერალურ დირექტორს გოგი თოფაძეს და მის ბიზნესპარტიონრს, ამჟამად პატიმრობაში მყოფს ლუკა რამაზაშვილს ეკუთვნით.


თოფაძე ადასტურებს, რომ ხე - ტყის გადამამუშავებელი საწარმო ჩინელებს მიაქირავა. ”საწარმოს მუშაობის საშუალება არ მოგვცეს და კომბინატი ჩინელებს ამიტომ მივაქირავეთ”, - ამბობს თოფაძე.


ხე-ტყის მასობრივად ჩეხვის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროში არ ადასტურებენ.