აშოტ გრიგორიანი: სომხეთი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის კონფედერაციის შექმნას

ევროპის კავშირის ეგიდით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ერთ კონფედერაციაში გაერთიანება საშუალებას მისცემს ამ ქვეყნებს განავითარონ თავიანთი ეკონომიკა და რამდენიმე წელიწადში ევროპის კავშირის ასოცირებული წევრები გახდნენ, აცხადებს ”ევროპაში სომხური კავშირების ფორუმის” თავმჯდომარე აშოტ გრიგორიანი.

”ასეთი კონფედერაციის შექმნის იდეა 2008 წელს ევროპაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე იქნა წამოყენებული. იდეა ითვალისწინებს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მთიანი ყარაბახის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გაერთიანებას ერთ კონფედერაციაში”, აღნიშნა გრიგორიანმა. მისი თქმით, მან უკვე გააცნო აღნიშნული ინიციატივა ევროპის კავშირის ხელმძღვანელობას და დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.

”ჩვენ უკვე შევხვდით სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პეტერ სემნების და გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული საკითხი დეტალურად განიხილება სექტემბერში დაგეგმილ ევროპის ეკონომიკურ ფორუმზე”, აღნიშნა აშოტ გრიგორიანმა.

”ვფიქრობ, საქართველო და აზერბაიჯანი, ასევე, დადებითად შეაფასებენ ამ იდეას. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ რეგიონალური თანამშრომლობა მათი ქვეყნების განვითარების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს”, განაცხადა გრიგორიანმა.