თრუსოს ხეობისა და ყაზბეგის რაიონის დაკარგვის საფრთხე რეალურია

რამდენიმე დღის წინ ყაზბეგის რაიონის მოსახლეობამ გაავრცელა მიმართვა ქართველი ერისადმი და საქართველოს ხელისუფლებისადმი, სადაც შეწუხებული მოხევეები ადრესატებს იმ საფრთხეების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, რაც ლარსის გამშვები სასაზღვრო პუნქტის გახსნის შემთხვევაში არსებობს. გადაწყვეტილება ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპეციალურ სხდომაზე იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი რემონტის საბაბით 2006 წლის ივლისში დაიკეტა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა, საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო მიმოსვლა შეწყდა. საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ყაზბეგის რაიონში, დაბა სტეფანწმინდაში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. იმავე დღეს მათთან შესახვედრად თბილისიდან საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომელთაც მოსახლეობის ვითარებაში გარკვევა იკისრეს. თუმცა, შეხვედრა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა განსაკუთრებით უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მოხევეებმა აქამდე პასუხგაუცემელი ბევრი კითხვა დაუსვეს. გარდა ამისა, პარლამენტარებმა, რომელთა უმეტესობაც პირველად იყო რაიონში, საყვედურებიც მიიღეს, იმ უყურადღებობისთვის, რასაც ხელისუფლება ყაზბეგის რაიონის მიმართ იჩენს. დღეს კი მოხევეებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა საზღვრის გახსნაა, რომელიც, მათი აზრით, დიდ საშიშროებას წარმოადგენს.

კერძოდ, ბოლო პერიოდში თრუსოს ხეობასა და მთლიანად ყაზბეგის რაიონზე პრეტენზიების მქონე ოსებისა და მათი მოკავშირე რუსებისგან ისინი პროვოკაციებს ელიან და აქვთ შიში, რომ შეიძლება ეს ყველაფერი რაიონში რუსების შეიარაღებული ძალების შესვლით დასრულდეს, ისევე როგორც ახალგორში. კეთილი ნების ჟესტი ჩვენს ძმებს სომხებს 2006 წელს საზღვრის დაკეტვით ყველაზე მეტად სომხეთი დაზარალდა, რადგან საქართველოს სამხედრო გზიდან, მის დახურვამდე სომხეთში შედიოდა მთლიანად ქვეყანაში შესული ტვირთის დაახლოებით 30%.

სომხეთი მართლაც დიდი ხანია ცდილობს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის მიღწევას. ამ პროცესში, თბილისზე ზემოქმედებისთვის ერევანმა, ვაშინგტონიც ჩართო, რომელმაც, თავის მხრივ, 2007 წელს ქართულ მხარეს საზღვრის ახალი გამშვები პუნქტის ასაშენებლად 2,5 მლნ. დოლარი გამოუყო, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.

მიმდინარე წლის ივნისში პრეზიდენტი სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს შეხვდა. საუბრისას ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნა იყო. სომხეთის პრეზიდენტმა თავის ქართველ კოლეგას ღირსების მედალი გადასცა და იმ იმედით გამოისტუმრა, რომ ლარსი მალე გაიხსნებოდა. სააკაშვილმა იმედები არ გაუცურა სარქისიანს და რამდენიმე დღის წინ ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილებაც მიიღო.

სომხური ტვირთების გატარებით ქართულ ბიუჯეტს არაფერი შეემატება პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე საბაჟო გამშვები პუნქტის გასამართლებლად სამი არგუმენტი დაასახელა: მოძრაობა გაზრდის საქართველოს რამდენიმე რაიონის მოსახლეობის შემოსავლებს, რომლებიც ძირითადად გზისპირა ვაჭრობით და გამავალი მანქანების მომსახურებით ცხოვრობენ.

მეორე, საქართველომ არ უნდა დაკარგოს თავისი სატრანზიტო სტატუსი, მნიშვნელობა და პოტენციალი რეგიონისთვის და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა მიიღებს ამ გზით შესაძლებლობას, განახორციელოს საკუთარი ტვირთების ტრანზიტი რუსეთის ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნებში, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა განაცხადეს, ლარსი მხოლოდ სომხეთისკენ მიმავალი სატვირთო კონტეინერებისთვისა და რუსეთის ტერიტორიის გავლით ტვირთების მესამე ქვეყანაში გატანის პირობით გაიხსნება, სამოქალაქო მიმოსვლისთვის კი ჩაკეტილი დარჩება.

ფაქტი ერთია, გადაწყვეტილებით მოგებული აღმოჩნდა სომხეთი, რომელსაც შეეძლება ბევრად ნაკლები დანახარჯებით მოახდინოს ტვირთების გადაზიდვა, ვიდრე აქამდე აკეთებდა. რაც შეეხება საქართველოს, სომხური ტვირთების ტრანსპორტირებით სახელმწიფო ბიუჯეტი ერთ თეთრს ვერ მიიღებს, რადგან საქართველოში ტრანზიტის გადასახადი გაუქმებულია და, შესაბამისად, სომხური ტვირთებიც არ იბეგრება.

საქართველოსთვის ამ გზის გახსნა მომგებიანი ერთადერთ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მოიხსნებოდა ის ეკონომიკური ემბარგო, რომელიც რუსეთს დაწესებული აქვს ქართული პროდუქციის ექსპორტზე. მაგრამ როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, თბილისს რუსული მხარისთვის დამატებით არაფერი მოუთხოვია და ემბარგოც რჩება. ყაზბეგის მოსახლეობა კი გზის გახსნას აპროტესტებს. მოხევეები შიშობენ, რომ საზღვრის გახსნის შემდეგ, თრუსოს ხეობაში ოსური მოსახლეობა დაბრუნდება, რომელმაც ეს სოფლები ადრე დატოვა და ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა. ოსების დაბრუნების წინააღმდეგი არავინაა.

ოსებთან ძმობა და ერთობა ყველას უნდა, მაგრამ რაიონის მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ ეთნიკური ოსების დაბრუნებას საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები კონფლიქტის გასაჩაღებლად გამოიყენებენ. მითუმეტეს, ბოლო პერიოდში კოკოითის მიერ კეთდება განცხადებები, რომლის მიხედვითაც თრუსოს ხეობა ოსური ტერიტორიაა.

მართალია, დღეისათვის თრუსოს ხეობაში არც ერთი ოსი მოსახლე არ არის, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, ისინი დაბრუნდებიან და კოკოითიც სწორედ ამ დროისთვის ამზადებს საზოგადოებრივ აზრს. რატომ არ ჩადის მიხეილ სააკაშვილი სტეფანწმინდაში ყაზბეგის რაიონის მოსახლეობა ყველაზე მეტად იმაზე არის განაწყენებული, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი საინფორმაციო ვაკუუმში არიან, არავინ აქცევს ყურადღებას და თავს ვერ გრძნობენ, პროცესის თანამონაწილეებად.

მოხევეები განაწყენებული არიან ხელისუფლებაზე, რომელიც მიუხედავად რაიონში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, მათ ყურადღებას არ აქცევს. ეს ის რაიონია, რომლის მოსახლეობაც მიხეილ სააკაშვილმა 6 წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში ერთხელაც კი არ ჩათვალა ღირსად, რომ შეხვედროდა. მხოლოდ ერთხელ, 2007 წელს ჩავიდა რაიონში და დარიალის ხეობაში მშენებარე კომპლექსი მოინახულა და იქედან ისე წამოვიდა, რომ მასთან შესახვედრად შეკრებილ მოსახლეობას ყურადღება არ მიაქცია. რატომ? ყაზბეგის რაიონში, დაახლოებით, 3000 მოსახლეა, საიდანაც ამომრჩეველი სულ 2300 ადამიანია. იქნებ პრეზიდენტის გარემოცვას ან თავად მას ეს ხმები ეცოტავება, ან იქნებ ”ნაციონალური» ელიტა მოხევეებს წინა რამდენიმე არჩევნებისას მათი განწყობის გამო გაუნაწყენდა? განა ასე შეიძლება? ეს ის მოხევეები არიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იცავენ საქართველოს დარიალის ხეობიდან შემოსული მტრისგან და რომლებმაც 1921 წელს საქართველოში დარიალის ხეობიდან შემოსულ რუსებს კუდით ქვა ასროლინეს.

სახიფათო გადაადგილებები საზღვრიდან პირველივე ქალაქ ვლადიკავკაზში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკური ოსია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ მტრული კამპანია მიმდინარეობს. ვლადიკავკაზში შექმნილია ორგანიზაცია ”დარიალი,» რომელიც ყაზბეგის რაიონის კუთვნილების საკითხის გარკვევას აპირებს. ამ ორგანიზაციას მეთაურობს მარიბეკ სალბიევი, რომელიც თრუსოს ხეობაში მდებარე ოსური დასახლებიდანაა წასული ვლადიკავკაზში. იგი აქტიურად მოუწოდებს ადგილობრივ ოს მოსახლეობას, რომ აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა და დაიბრუნონ მათი კუთვნილი მიწები, მათ შორის, თრუსოს ხეობა და მთლიანად ყაზბეგის რაიონი, რომელიც თურმე ისტორიულად ოსური ტერიტორიაა. რაც, ბუნებრივია, აბსურდია, აბსულუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ ვინაა განმკითხავი, ჩვენს პოლიტიკოსებს და ისტორიკოსებს (თუ გვყავს ასეთი), ხომ სარათას ძილით სძინავთ. როგორც თავისუფალი აზრის სახლის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს:

”ლარსის გამშვები პუნქტის გახსნით, რუსეთი შეეცდება კონტროლი გააძლიეროს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ინტენსიური მიმოსვლის შემთხვევაში, რუსეთს ექნება შესაძლებლობა გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს მოსახლეობის იმ კატეგორიაზე, რომელიც ამ სატრანსპორტო კორიდორის გახსნის შემთხვევაში, მიმაგრებული იქნება ტრასაზე. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, ის, რომ ოსური მოსახლეობა, რომელიც დროებით მის ტერიტორიაზეა გადაადგილებული და ცხოვრობს ჩრდილოეთ ოსეთში, დაბრუნდეს უკან. ამ იდეას, არ მალავს ჩრდილოოსური პრესაც.»

ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ არის დიდი საშიშროება იმისა, რომ ამ ადამიანებს მოჰყვებიან პროვოკატორები, რომლებმაც შეიძლება რაიონში არსებული მდგომარეობა დაძაბონ და შემდეგ უკვე რუსეთმა იცის და მისმა მარიფათმა. ადგილობრივთა განცხადებით, მიმდინარე წელს, ლომისობის დღესასწაულზე გადმოსულმა ოსებმა მართლაც, განაცხადეს, რომ დაგეგმილი აქვთ თრუსოს ხეობისა და მთლიანად რაიონის მათი კონტროლირებადი ტერიტორიებისთვის შეერთება. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მაინც, რომ მოხდეს რაიმე პროვოკაცია, ვინ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ რუსები მარ შევლენ რაიონში. განა ახალგორი ასე არ დავკარგეთ?

ვლადიკავკაზში მცხოვრები ქართველების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსული სპეცსამსახურები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ამზადებენ ძალიან დიდ პროვოკაციებს ყაზბეგის რაიონში და მიმდებარე ტერიტორიებზე. ფაქტია, რომ საზღვარი ადრე თუ გვიან უნდა გახსნილიყო, მაგრამ საზღვრის გახსნით რომ ქართულ-რუსული ურთიერთობა არ გაღრმავდება და ეს არ იქნება ახალი ფურცელი ჩვენს დამოკიდებულებებში, ესეც ცხადია.

როდესაც ქვეყანასთან არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ნაბიჯის გადადგმამდე საჭიროა ძალიან სერიოზული გათვლა და სიფრთხილე. სომხეთისთვის ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში და პირველ ადგილზე ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა დავაყენოთ და შემდეგ ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე ან ამ ქვეყანამ, თავისი გავლენიანი ლობის მეშვეობით, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში უნდა დაგვეხმაროს, სულ მცირე, ისე აღარ იმოქმედოს, როგორც აფხაზეთში კონფლიქტისას. ნებისმიერ გართულებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებსაც უნდა დაეკისროთ, რადგან გადაწყვეტილება მათ მიიღეს. საინტერესოა, როცა ორ ქვეყანას შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა, როცა ერთი პრეზიდენტი მეორეს დასცინის, როცა ამ ქვეყნის ჯარი გამოცხადებული გყავს ოკუპანტად, რატომ იხსნება საზღვარი. განა, ღირს სომხეთისთვის კეთილი ნების ჟესტი იმად, რომ ქვეყანას კიდევ ერთი პრობლემური რაიონი დაემატოს.