საინგილოში ქართველებს კულტურის ერთადერთი ცენტრს ართმევენ

ამ დღეებში პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა კომიტეტის დახურული სხდომა გაიმართა. მთავარი განსახილველი თემა საინგილოში, კახის ქართული კულტურის ცენტრის დაწვა გახდა. შეხვედრას საკითხით დაინტერესებული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კახის ქართული კულტურის ცენტრს ცეცხლი ოქტომბრის პირველ რიცხვებში წაეკიდა. დილის ოთხ საათზე საეჭვოდ გაჩენილ ხანძარს ვერაფერი მოუხერხეს და ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ხანძარი ქართულ მოსახლეობაში თავიდანვე დიდ ეჭვებს იწვევდა.

ეჭვები გააძლიერა იმანაც, რომ კახის აზერბაიჯანული ადმინისტრაცია კულტურის ცენტრის აღდგენას და ქართველებისთვის დაბრუნებას აღარ აპირებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ცენტრის ადგილს სხვა დანიშნულების ახალი ნაგებობა დაიკავებს. კახის ქართველებს ამის სანაცვლოდ სთავაზობენ ისედაც მიტოვებული ძველი, გაპარტახებული კლუბის შენობას, სადაც სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არცერთი სკამი და მაგიდა არ დგას.

აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო საკითხის გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობას კახის ადგილობრივ ადმინისტრაციას აკისრებს და ამით ხელებსაც იბანს. ხოლო ადმინისტრაციას საინგილოს ქართველების კანონიერი მოთხოვნები ყურადღების ღირსადაც კი არ მიაჩნია. მათი ამგვარი დამოკიდებულება თბილისში ”არამეგობრულ ჟესტად’’ ფასდება.

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელების კულტურულ თვითმყოფადობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. აქ ფუნქციონირებს აზერბაიჯანული კულტურის ცენტრები, თეატრი, კლუბები, ბიბლიოთეკები, სკოლები და ა. შ. ბოლო ათწლეულებში ქვემო ქართლში მეჩეთები და სხვა რელიგიური დაწესებულებები აშენდა. ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცირე პრობლემა თბილისის და ბაქოს კონსტრუქციული განხილვის საგანი ხდება.

ამ დროს საინგილოში ქართული კულტურის ერთადერთ ცენტრს ხანძარი უჩნდება, რის შედეგადაც მას საერთოდ ართმევენ იქაურ ქართველებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ზაქათალის და ბელაქნის გამაჰმადიანებულ ინგილოებს ქართველებად საერთოდ არ აღიარებს და მათი სრული ასიმილაციისკენ ისწრაფვის. ამ ფონზე კახში ქართული კულტურის ცენტრის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

კახის კულტურის ცენტრი 2001 წლის მაისში საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის მინისტრებმა დააფუძნეს. საზეიმო გახსნისას ითქვა, რომ ამ კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ყოველთვის ქართული ჰანგების ხმა უნდა ისმოდეს. სამწუხაროდ იმ დროიდან მოყოლებული აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კულტურის ცენტრის თანამშრომლების არცერთი საშტატო ერთეული არ დაამტკიცა. მათ ხელფასს არავინ უხდიდა. მუშაობა შიშველ ენთუზიაზმზე მიდიოდა.

კულტურის ცენტრის დირექტორი გივი ნადირაშვილი და თანამშრომელი მალხაზ ნუროშვილი ინგილო მოსწავლეებს ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლიდნენ. ცენტრში ქართული ცეკვის ფორმები და ჩოხებიც ჰქონდათ. თუმცა ცენტრს არანაირი დაფინანსება არ ჰქონია და მხოლოდ მშობლიური კულტურის სიყვარული ამოძრავებდათ.

ცენტრის ხელმძღვანელობასა და ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისულებას შორის თავიდანვე არსებობდა დაპირისპირება ცენტრის შენობასთან დაკავშირებით. რანდენიმე წლის წინ ადმინისტრაციამ კულტურის ცენტრის ორი ოთახი სოფელ კახინგილოს საკრებულოს გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ოთხ ოქტომბერს გამთენიისას დაახლოებით ხუთ საათზე ცნობილი გახდა, რომ კულტურის ცენტრს ხანძარი გაუჩნდა. ამის შესახებ ახლომახლო მცხოვრებმა ქართველებმა ერთმანეთს შეატყობინეს.

შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო მივიდა, თუმცა ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდა თუ არ მოხერხდა ეს დღემდე გარკვეული არ არის. იქვე მყოფი პირები ჰყვებიან, რომ მეხანძრეები აქრობდნენ არა ცეცხლის კერებს, არამედ უკვე დამწვარ კედლებზე წყალს ასხამდნენ.

რაც შეეხება ხანძრის დაწყებას, ის სწორედ იმ ორ ოთახში გაჩნდა, სადაც ბოლო პერიოდში საკრებულოს ოთახები იყო განთავსებული. შედეგად, დაიწვა კახინგილოს საკრებულოში არსებული მოსახლეობის მიწის აქტები, გადასახადების ქვითრები და ა.შ. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ამან შესაძლოა ქართულ მოსახლეობას თავისივე მიწის საკუთრების დამტკიცების თვალსაზრისით, კიდევ შეუქმნას პრობლემები.

ერთ–ერთი გავრცელებული ვერსიით, ქართული კულტურის ცენტრის დაწვით კახის გამგეობა იყო დაინტერესებული. ცნობილი იყო, რომ მათ შენობის განადგურება, ხელში ჩაგდება და საცხოვრებელი სახლის აშენება უნდოდათ. მეორე ვერსიაა, რომ ხანძრით შეიძლება მესამე ძალა იყოს დაინტერესებული. ვინაიდან არსებობოს მცდელობები, რომ ხელოვნურად დაიძაბოს საქართველოსა და აზერბაიჯანის დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობები.

რაც შეეხება კულტურის ცენტრის აღდგენას, როგორც უკვე მოგახსენეთ კახის აზერბაიჯანული ადმინისტრაცია შენობის აღდგენას და ქართველების დაბრუნებას აღარ აპირებს. ამის დასტურია კიდევ ერთი ფაქტი. ხანძრის გაჩენიდან მოკლე ხანში, იქ ადგილზე კახის პოლიციის უფროსის მოადგილე მივიდა და ქართულენოვანი აბრის ჩამოხსნა მოინდომა. სწორედ იმ აბრის, რომელზეც ეწერა, რომ იქ ქართული კულტურის ცენტრი ფუნქციონირებდა.

როდესაც მას იქაურმა ქართველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ის წავიდა და შემთხვევის ადგილზე რაიონის კულტურის სამსახურის უფროსი მოიყვანა. მან უკვე მთლიანად ჩამოხსნა ეს აბრა და წაიღო. ადგილობრივმა ქართველებმა ჰკითხეს, თავის ადგილზე ყოფილიყო, რას გიშლიდათო. მან კი უპასუხა – ჩვენ არ გვინდა სხვებმა გაიგონ, რომ აქ ქართული კულტურის ცენტრი არსებობდა და დაიწვაო.

თუმცა რა უნდოდათ მათ რეალურად, ეს მოვლენების მოკლე ხანში განვითარებამ აჩვენა. კახის ქართველები კულტურის ცენტრის ჩამორთმევით უკიდურესად აღშფოთებულნი და შეურაცხყოფილნი არიან. ისინი ამ საკითხში თბილისის მხრიდან თანადგომას მოითხოვენ.
თბილისის პასუხი ჯერჯერობით ის არის, რომ პარლამენტის კომიტეტში მასმედიის წარმომადგენლებისთვის დახურული სხდომა გაიმართა, თუმცა ცხადია სირაქლემას პოზა ამ საკითხში სასურველ შედეგს არ მოიტანს. დახურული სხდომიდან გამოჟონილი ინფორმაციით შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც კახში ჩავა, შექმნილ რეალობას ადგილზე გაანალიზებს და სათანადო დასკვებსაც გააკეთებს.

საქართველოს და აზერბაიჯანის მეგობრობა ცალმხრივი წესით არ უნდა ვითარდებოდეს. რამდენად კარგად ესმით ეს კახში და ბაქოში, ამას კახის ქართული კულტურის ცენტრის მომავალი გვიჩვენებს. ”პრესა.გე’’ იმედოვნებს, რომ საინგილოს ქართველებს ისეთივე კონსტიტუციით გარანტირებული კულტურულ–საგანმანათლებლო უფლებები ექნებათ, როგორც ეს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აქვთ.