საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2009 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 8397.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან 2658.2 მლნ აშშ დოლარი სამთავრობო სექტორის ვალი იყო (31.7%), 927.2 მლნ აშშ დოლარი (11.0%) – ეროვნული ბანკის, 1549.1 მლნ აშშ დოლარი (18.4%) – საბანკო სექტორის, 1214.2 მლნ აშშ დოლარი (14.5%) – სხვა სექტორების და 2048.7 მლნ აშშ დოლარი (24.4%) – კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 95.3 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2009 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 617.0 მილიონი აშშ დოლარით, აქედან 332.5 მილიონი სამთავრობო სექტორზე მოდის. მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნული ბანკის უცხოური ვალდებულებები, დაახლოებით 280 მლნ აშშ დოლარით. ასევე მოიმატა სხვა სექტორებისა და კომპანიათაშორის სესხებმა, შესაბამისად, 72.2 და 4.5 მილიონი აშშ დოლარით. მნიშვნელოვნად შემცირდა საბანკო სექტორის ვალი და კლებამ 71.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საგარეო ვალდებულებების ზრდა დაფიქსირდა უცხოური ვალუტით, რომელმაც საანგარიშო კვარტლის განმავლობაში 630.1 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და პერიოდის ბოლოსათვის 8005.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. განსხვავებით, ეროვნული ვალუტით დენომინირებული საგარეო სესხი 13.1 მლნ აშშ დოლარი კლებით, 391.6 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
სამთავრობო სექტორში საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ზრდის დაახლოებით 88% (293.0 მლნ აშშ დოლარი) ოპერაციული ცვლილებებით, ხოლო 12% (39.6 მლნ აშშ დოლარი) საკურსო ცვლილებით იყო გამოწვეული.
საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 2009 წლის მესამე კვარტალში 279.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, 263.2 მლნ აშშ დოლარი ოპერაციული ცვლილებით არის განპირობებული (225.5 მლნ აშშ დოლარი ნასესხობის სპეციალურ უფლებათა ახალი განაწილების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებაა, ხოლო დანარჩენი საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხია), ხოლო 16.3 მლნ აშშ დოლარი ზრდა საკურსო ცვლილებების შედეგია.
საბანკო სექტორში კვლავ გრძელდება საგარეო ვალდებულებების მნიშვნელოვანი შემცირების პროცესი. საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის მოკლევადიანი ვალი 29.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო გრძელვადიანი – 42.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. საკურსო ცვლილებებმა საბანკო სექტორის ვალების 1.2 მლნ აშშ დოლარით ზრდა გამოიწვია.
მთლიანი საგარეო ვალი 2009 წლის მესამე კვარტალში ოპერაციული ცვლილებებით 548.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად გამოწვეულმა მატებამ 69.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.