ახალაია მაიორებსაც დაერია

თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია თავის ორ მოადგილესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების დაახლოებით 20-მდე წარმომადგენელს შეხვდა; მათ შორის იყო ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლებას” ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი. ამ შეხვედრის დეტალებზე, პრესა.გე სწორედ ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა. მისი განმარტებით, ამგვარი შეხვედრები თავდაცვის მინისტრებმა ტრადიციად აქციეს, რითაც ნატო-ს წინაშე იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ “აი, ხომ ხედავთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავთ სამინისტროში მიმდინარე პროცესებსო...“
სესიაშვილის თქმით, 5 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ახალაიამ სამინისტროში მიმდინარე იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაზეც საუბარი საჭიროდ ჩათვალა - ნომერ პირველი საკითხი იყო რატომ გაათავისუფლეს პოლკოვნიკები და ვიცე-პოლკოვნიკები.

ირაკლი სესიაშვილი: მეორე თემა იყო სამხედრო აკადემიის საკითხი, მესამე - კადეტთა კორპუსი და მეოთხე - სარეზერვო სამსახური.

რატომ გავათავისუფლე პოლკოვნიკები და ვიცე-პოლკოვნიკებიო?
- “საჭიროზე მეტნი არიან; ბევრმა მათგანმა პოლკოვნიკობა და ვიცე-პოლკოვნიკობა არადამსახურებულად მიიღო; მათი ცოდნის და მომზადების დონე დაბალია; ძალიან დაბალი დონის ტესტები ჩავუტარეთ და იმაზეც კი ვერ გაგვცეს პასუხიო“, - ფაქტობრივად, ეს იყო პასუხი იმაზე, რაც პრესაში გავრცელდა, მათ შორის, თქვენი მეშვეობით (“ახალაიას ჯარისკაციები სასამართლოში იჩივიან“
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11612).

თუმცა, მინისტრს იმაზე არ უსაუბრია, ჩვენს გაერთიანებულ შტაბში რატომ არის კვალიფიკაციის დონე ძალიან დაბალი; რატომ არ ზრუნავს ამაზე თავდაცვის სამინისტრო (წლების მანძილზე ასე იყო) და ახალი მინისტრი, როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც წინა წლებში ხდებოდა და რატომ არ მოითხოვს მისი წინამორბედების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას.

თქვენ დაუსვით ამაზე კითხვები?
- ამ კითხვის დასმას აზრი არა აქვს, რადგან, როგორც წესი, ყველაფერს ოქრუაშვილს აბრალებენ და მისკენ ათითებენ; მათ შორის, სამხედრო აკადემიის გაუქმებასთან დაკავშირებით (4-წლიანი იყო და 1-წლიანი გახადეს), მათ შორის კადეტთა კორპუსის გაუქმებასთან, სამხედრო ბაზების მშენებლობასთან დაკავშირებით. ახლა ხვდებიან, რომ ცხელ წერტილებთან ახლოს, გორში სამხედრო ბაზის და სამხედრო ჰოსპიტალის აშენება შეცდომა იყო. ამაზე მათ შორის ჩვენი ორგანიზაცია წლების მანძილზე წერდა და ეს საკითხი დღემდე არ აღელვებდათ.

ჰკითხეთ იმაზე, ტესტირების დროს პოლკოვნიკებს უწმაწური სიტყვების თქმას რომ აიძულებდნენ?
- მე კითხვები არ დამისვამს. თუმცა, სხვებისგან გარკვეული სახის მინიშნებები იყო.

რატომ არ დასვით კითხვები?
- ჩემი აზრით, ამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა.

მაშინ რატომ მიხვედით?
- შეხვედრიდან რომ გამოვედი, საკუთარ თავს სწორედ ეგ კითხვა დავუსვი - საერთოდ რას მივდიოდი-მეთქი. თუმცა, ზოგადად პირდაპირი დიალოგი ცუდი არ არის - უშუალოდ მინისტრისგან ისმენ მის პოზიციას, მაგრამ ცუდია, რომ ვერ მოვისმენ მის დამოკიდებულებას იმაზე, წინა წლებში რატომ ხდებოდა ასეთი შეცდომების დაშვება და ამაზე რატომ არავინ იღებს პასუხისმგებლობას.

ძირითადი პრობლემა მდგომარეობს უმაღლეს მთავარსარდალში, პრეზიდენტში, რომელიც წლების მანძილზე თავდაცვის პოლიტიკას აქებს, ისევე, როგორც მინისტრებს, ჯარისკაცებს, ოფიცრებს. ახალი მინისტრი ინიშნება და შემდეგ ძირითადად წინა მინისტრის მიერ განხორციელებული პოლიტიკის კრიტიკა მიდის და ვის დავუსვა შეკითხვა?! ახლა ამ პოლკოვნიკებს რომ გაუშვებენ, მერე ახალი მინისტრი მოვა და იტყვის შეცდომა დავუშვით - ეს პოლკოვნიკები კი არ უნდა გაგვეშვა, უნდა გადაგვემზადებინაო.

შეხვედრაზე მისული 20-მდე ადამიანიდან, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი ვინ იყო?
- გია ნოდია, ნიკა ლალიაშვილი, 3-4 სამხედრო ჟურნალისტი... როგორც ჩანს, სამინისტრო უკმაყოფილოა მცირე ბიუჯეტით, რაც მინისტრის განცხადებით, გარკვეული ხარჯების შემცირებას იწვევს. მცირდება სამოქალაქო და სამხედრო მმართველობა. ახალაიას განმარტებით, ყველაფერს ვერ გავაკეთებთ, რადგან ბიუჯეტი არ გვყოფნისო.

ჩემი აზრით, ის ბიუჯეტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს აქვს, სრულიად საკმარისია, მაგრამ ამაზე მინისტრთან კამათი ძნელია, რამდენადაც ბიუჯეტის ნაწილის ხარჯვის პროცესი საიდუმლოა. ფაქტი ისაა, რომ ძალიან ბევრი სამშენებლო, სარემონტო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის (რაც წინა მინისტრების პერიოდში მიმდინარეობდა) განსაზღვრული თანხა გამოთავისუფლებულია. ანუ მათ აღარ სჭირდებათ მუდმივად ახალი სამხედრო ნაწილების მშენებლობა. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენი ჯარი სრულად დაკომპლექტებული არ არის. ამიტომ მცირე ბიუჯეტის არგუმენტი ჩემთვის ჯერჯერობით არადამაჯერებელია.

სარეზერვო სისტემაში ვითარება გაურკვეველია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გვარდიამ თავის კონცეფცია წარმოადგინა. მერე პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და სულ სხვა კონცეფციაზე ისაუბრა. მინისტრმა თქვა, რომ რაღაცეები კიდევ შევცვალეთ და ბოლომდე ჩამოყალიბებული არა ვართო.

პრობლემა ისაა, რომ წლების მანძილზე არ არსებობდა თავდაცვის განვითარების ერთიანი პოლიტიკა. ყველა მინისტრს ჰქონდა თავისი ხედვა, ყველა მინისტრს ჰყავდა თავისი მმართველი გუნდი, ყველა მინისტრი ფიქრობდა რომ წინა სისტემა არ ვარგოდა, ან წინა მინისტრს ჰქონდა შეცდომები დაშვებული და რამდენადაც ძირითად მათგანს ამ სფეროში განათლება-გამოცდილება არ ჰქონია, თავისი ლოგიკით ცდილობდა აეწყო ახალი თავდაცვის სისტემა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

ახლა კადეტთა კორპუსის აღდგენა უნდათ. ჯერ დანგრევა რა იყო და რომ აღადგენ, რისთვის აკეთებ ამას? ვის ბალანსზე უნდა იყოს, ვინ უნდა გადაუხადოს თანხები?! ეს ძალიან მარტივი კითხვებია, რაც მინისტრისთვის არც დამისვამს, რადგან არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ იქ რაიმე ღირებულ საკითხზე შეიძლება კამათი. ტელევიზია რომ აქვს, ”საქართველო”, რომელშიც მილიონობით თანხას იხდის, ვის რაში სჭირდება?! რა შედეგს იძლევა? იქნებ ვიღაცამ დასკვნა დაწეროს, რომ ამ ტელევიზიის არსებობით ქვეყანაში, აი, ეს, ეს, ეს გამოსწორდა.

იცით კონკრეტულად რამდენი იხარჯება ტელევიზიისთის?
- ხარჯებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს რამდენჯერმე მივწერე, რაზეც სტანდარტული პასუხი მოვიდა - “საიდუმლოა“, რაც რეალურად ასე არ არის.

რომელიმე თქვენგანის წინადადება, ან რეკომენდაცია თუ აღმოჩნდა ახალაიასთვის მისაღები?
- როგორც წესი, ძალიან განსხვავებული ინიციატივებია. მაგალითად, თუ სამხედრო აკადემია, ან კადეტთა კორპუსი იხსნება, იქ ექპსერტებს მიეცემათ საშუალება რომ ლექციები ჩაატაროს. ამაზე დაგთანხმდებიან, მაგრამ როგორც კი ეტყვი, ადამიანის უფლებებთან, ან ფინანსებთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელება მინდაო, სიტყვა მონიტორინგს, როგორც კი ახსენებ, მაშინვე ელეთ-მელეთი ემართებათ და ყველანაირად ცდილობენ როგორმე ხელი შეგიშალონ.

ასე იყო ყოველთვის და ასეა დღესაც. მინისტრთან შეხვედრა, ლექციის წაკითხვა, ან რაღაც ფურცლებზე მუშაობა პრობლემა არ არის, პირიქით, ეს სჭირდებათ, რამდენადაც შემდეგ ნატო-ს სექტროთან უნდა თქვან, რომ ”აი, ენჯეოს სექტორთან ვთანამშრომლობთ”, ამას ტელევიზიითაც გააშუქებენ - ექსპერტებს ვხდებითო და დამთავრებულია. არასამთავრობო სექტორში ბევრი ისეთი მოიძებნება, რომელიც თავდაცვის მინისტრსაც შეაქებს და თავდაცვის პოლიტიკაზე იტყვის, არაჩვეულებრივი რეფორმები მიმდინარეობსო.

შეცმირების პროცესი გაგრძელდებაო?
- ახლა საუბარია მაიორების, გაერთიანებული შტაბის მოსამსახურეების რიცხოვნობის შემცირებაზე. ეს პროცესი როგორ წარიმართება, მინისტრმა ამაზეც ისაუბრა - ცალკეული დეპარტამენტის თუ ჯეიების (გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ერთეულები) ხელმძღვანელები მიიღებენ გადაწყვეტილებას ვინ დატოვონ, ვინ გაუშვა. ანუ, მმართველი რგოლის შემცირება მიდის არა ტესტირებით, არა ღიად და გამჭირვალედ, არამედ, მათ ხელმძღვანელები შეამცირებენ. როგორც წესი, როგორ ხდება ეს შემცირება - უფროსი ვინც არის, ის ტოვებს თავის ახლობლებს და დანარჩენს უშვებს.

რით აპირებენ შემცირებული ჯარის შევსებას?
- ეს კითხვა ნაწილობრივ დაისვა, რაზეც ასეთი პასუხი იყო - ლეიტნანტს დღეს ვერ გამოვჩეკავთ, ეს გრძელვადიანი პროცესია, სადღაც წელიწადი სჭირდება, რომ ახალი ლეიტენანტი გვყავდესო. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პასუხისმგებლობას ვინ იღებს იმაზე, რომ თავდაცვის პოლიტიკა ჩამოყალიბებული არ არის, რომელიც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაზე შეიძლება გათვალო და ამ გეგმას მიჰყვე?!

რომელიმე თქვენგანმა ისაუბრა იმაზე, რომ პოლიციელების ჯარში გადაყვანას აპირებენ?
- ეს საკითხი არ დასმულა. პირადად მე მაქსიმალურად ვეცადე ხმა არ ამომეღო, მომესმინა, რადგან თავიდანვე გამოჩნდა, რომ ეს იყო საკუთარი პოზიციის ჩვენთვის თავსმოხვევის პოლიტიკა და არ მინდოდა ამ საქმეში ვინმესთვის ხელი შემეწყო. მოვუსმინე და მივხვდი, რაც წინა შემთხვევებში ხდებოდა, იგივე გრძელდება და რაც მთავარია, პოლიტიკა კვლავაც ჩამოუყალიბებელია - მინისტრი ერთს გეუბნება, დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეორეს, მერე პრეზიდენტი რაღაც ღონისძიებაზე გამოვა და სულ სხვა რაღაცას იტყვის.

თავის დროზე კეზერაშვილმა სამინისტროს მმართველობა 700 კაცამდე გაზარდა. ახალაია ამბობს 700 ზედმეტია, 420 კაცი მჭირდება; 16 თანაშემწე ბევრია, ამდენი არაფერში მჭირდებაო. თუ ის ამბობს რომ ეს ცუდიაო, რატომ არ დგება შესაბამისი ხემძღვანელების პასუხისმგებლობა? ის ფინანსები ხომ ჩვენი ჯიბიდან გადავიხადეთ?! თუ ცუდი ოფიცრები გვყავს, მაშინ რატომ გვატყუებს პრეზიდენტი და გვეუბნება - ჩვენი არმია ნებისმიერ საფრთხეს გაუმკლავდებაო? ეს პრობლემა ხომ დღეს არ გაჩენილა?!

გამოდის რომ სააკაშვილი იტყუება და ახალაია სიმართლეს ამბობს?!
- არა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთმა და არც მეორემ რეალურად არ იცის საიდან უნდა დაიწყონ ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის შექმნა. ეს არ იწყება რეზერვის სისტემიდან, ან კადრების ცვლილებიდან. ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის შექმნა იწყება კომპლექსურად, უშიშროების საბჭოდან, რომელმაც პროცესი რეალურად უნდა მართოს, მაგრამ რომელ მინისტრს როგორი ლოგიკური შეხედულება აქვს საკითხისადმი, ისე წყვეტს და რეალურად, შედეგად გვაქვს, ხომ გაგიგიათ, ერეკლეს ხმალიო?!